თბილისი (GBC) - Messe Dusseldorf-ის ოფიციალური წარმომადგენელი მოლდოვაში, სამხრეთ კავკასიის და აზიის ქვეყნებში მიხეილ მანდელი, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ ვაჭარაძეს შეხვდა. 

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში მდებარე საგამოფენო სივრცე Messe Dusseldorf ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის ProWein ორგანიზატორია როგორც ქალაქ დუსელდორფში, ისე მსოფლიოს სხვა ქალაქებში.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გამოფენებში ProWein საქართველოს მრავალწლიანი მონაწილეობის და თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქართული ღვინის წარდგენის პერსპექტივებს და მიზანშეწონილობას გამოფენებზე ProWein ჰონკონგში, სინგაპურსა და ბრაზილიაში. შეხვედრას ესწრებოდა სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ღონისძიებების/გამოფენების სამმართველოს უფროსი ელენე კიკნაძე.

მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართული გამოფენის ProWein Dusseldorf ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა. გარდა დუსელდორფისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ProWein-ის გამოფენებზე იაპონიასა და ჩინეთში.

ყოველწლიური გამოფენა ProWein, რომლის მთავარი გამოფენაც დუსელდორფში იმართება, წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის. გამოფენის ფარგლებში მწარმოებლები ამყარებენ ახალ კონტაქტებს, მათ შორის იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს.