თბილისი (GBC) - ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2024 წლის პირველადი სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2024 წელს საქართველომ აწარმოვა 236 მლნ ლიტრი ღვინო, საიდანაც 119.9 მლნ ლიტრი მოიხმარა. OIV წერს, რომ საქართველოში ღვინის წარმოება წლიურად 27%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში რიგით მე-16 მწარმოებელია.
ამასთან, როგორც გასული წლის ვაზისა და ღვინის სექტორის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული, 2024 წლის წარმოება 20%-ით აღემატება ქვეყნის 5-წლიან საშუალო მაჩვენებელს. შესაბამისად, გასული წელი, საუკუნის დასაწყისიდან, რეკორდული იყო ღვინის წარმოების კუთხით.
OIV საკუთარ ანგარიშში წერს, რომ "საქართველოში ღვინის წარმოების ზრდა განპირობებულია ვაზის ძირითად რეგიონებში ამინდის სახარბიელო მდგომარეობით".
OIV-ის თანახმად, გასულ წელს საქართველოში ვენახები 48 700 ჰექტარზე იყო გაშენებული, რაც წლიურად 0.4%-იანი ზრდაა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 26-ე ადგილზეა.
ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ 2024 წელს საქართველოში ღვინის მოხმარება 27%-ით გაიზარდა და 119.9 მილიონ ლიტრს მიაღწია, რითაც ქვეყანა მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს.
OIV-ის ინფორმაციით, საქართველოს 15+ ასაკის მოსახლეობაში, ერთი ადამიანი წლიურად, საშუალოდ, 39.9 ლიტრ ღვინოს სვამს. გლობალურად ღვინის მოხმარების 0.6% კი სწორედ, რომ საქართველოზე მოდის.
2024 წელს მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიურად 3.3%-ით შემცირდა და 214 მილიონი ჰექტოლიტრი (mhl) შეადგინა, რაც 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ექსპორტზე გაიტანა $72 მლნ-ის (23,946 ტონა) ღვინო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($126.9 მლნ/45.197 ტონა) თითქმის, 45%-ით ნაკლები.
საქართველოს მთავარ საექსპორტო ქვეყანას - რუსეთს რაც შეეხება, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან გავიდა $40.45 მლნ-ის ღირებულების ღვინო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($99.55 მლნ) 59.3%-ით ნაკლები.
ქართული ღვინის საექსპორტო TOP5 ბაზარი, (2025 წლის იანვარ-აპრილში)
- რუსეთი: $40.45 მლნ (14 404 ტონა);
- პოლონეთი: $6.17 მლნ (2 578 ტონა);
- უკრაინა: $3.65 მლნ (1 318 ტონა);
- ჩინეთი: $3.52 მლნ (1 124 ტონა);
- ყაზახეთი: $3.67 მლნ (1 063 ტონა).