თბილისი (GBC) - პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება $53,2 მლნ-ს შეადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა.

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებიდან პირველ კვარტალში განსაკუთრებული ზრდა გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც ექსპორტმა 375 ათას ლიტრს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია. 9%-ით გაიზარდა ექსპორტი დიდ ბრიტანეთში და 86 ათას ლიტრს მიაღწია.

ასევე, 4%-იანი ზრდა ფიქსირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ექსპორტირებულია 831 ათასამდე ლიტრი ღვინო.

პირველ კვარტალში, სპირტიანი სასმელების ექსპორტი 38 ქვეყანაში განხორციელდა. ჯამში ექსპორტირებულია 7,6 მლნ ლიტრი, $56,6 მლნ-ის ღირებულების პროდუქცია. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 3%-ით გაიზარდა.