თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.1%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ამასთან, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (369.4 ათასი), რუსეთის ფედერაციის  (312.1 ათასი) და სომხეთის (195.9 ათასი) მოქალაქეების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.6%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც 5.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

  • საერთაშორისო ვიზიტორების 77.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ;
  • მხოლოდ ექსკურსანტების წილმა - 18.8% შეადგინა;
  • ვიზიტორების 4% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

 

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 287.2 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 20.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 10.6%-იანი წილით.