თბილისი (GBC) – გერმანული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ევროპარლამენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას, ევროკომისიის უფლებამოსილების შემცირებას და ეროვნული მთავრობებისთვის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლების მინიჭების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ევროპული გამოცემა Politico პარტიულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პარტია ევროპარლამენტის პირდაპირი არჩევნების ნაცვლად ეროვნული პარლამენტებიდან დელეგატების დანიშვნას, ევროკომისიის ფუნქციების მხოლოდ ადმინისტრაციული ამოცანებით შემოფარგვლას და გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების ეროვნული ლიდერებისთვის გადაცემას ითხოვს. გარდა ამისა, AfD ევროკავშირის სასამართლოს მთავრობებს შორის დავების განმხილველი საარბიტრაჟო ორგანოთი ჩანაცვლების ინიციატივით გამოდის.

პარტიის გეგმა ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის ბიუჯეტის შემცირებას, ევროპულ ინსტიტუტებში თანამშრომელთა აყვანის შეზღუდვას და გაერთიანების ზოგიერთი სპეციალიზებული სააგენტოს გაუქმებას.

AfD ევროკავშირის ბიუჯეტში დღგ-დან და პლასტმასის გადასახადიდან მიღებული შემოსავლების გაუქმებასაც მოითხოვს. ამასთან, პარტია ევროზონის უდიდესი ეკონომიკებისთვის ევროპის ცენტრალურ ბანკში გავლენის გაზრდის ინიციატივით გამოდის და ციფრულ ევროს ეწინააღმდეგება.

პარტია გერმანიისთვის ევროკავშირის საერთო წესებიდან გამონაკლისების დაშვებასაც ითხოვს მიგრაციის, დაბეგვრის, სოციალური პოლიტიკის, თავდაცვისა და ერთობლივი სესხების აღების საკითხებში.

Politico-ს ცნობით, დოკუმენტში 2029 წელი, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნები და გერმანიის ფედერალური არჩევნები გაიმართება, „პატრიოტული მემარჯვენე უმრავლესობის“ ჩამოყალიბების შესაძლო პერიოდად არის დასახელებული.

თუ შეთავაზებული რეფორმების გატარება ვერ მოხერხდება, AfD გერმანიის ევროკავშირში წევრობის საკითხის რეფერენდუმზე გატანას გეგმავს.

მანამდე Politico წერდა, რომ AfD-ის თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი ევროპარლამენტში ღონისძიებაზე „ჩვენი ახალი კურსი ევროპისთვის“ სიტყვით გამოვა და, სავარაუდოდ, ევროპული თანამშრომლობის მომავალზე საკუთარ ხედვას წარადგენს.