თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS-ის კორესპონდენტი იუწყება.
შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო რეზიდენცია „ცილინ შანჟუანში“, ვილა „ცილინიუანში“ გაიმართა. მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით დაახლოებით შუადღისას, გაფართოებულ ფორმატში დაიწყო. დელეგაციების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს
შემდეგ საუბარი ვიწრო ფორმატში, სამუშაო საუზმის ფარგლებში გაგრძელდა. რუსეთის პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ესწრებოდნენ.
რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა ჯამში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა წინ უსწრებს 19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში დაგეგმილ ისტორიულ სამმხრივ სამიტს, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მიიღებენ მონაწილეობას.
ეს იქნება სამი ქვეყნის ლიდერების პირველი სამმხრივი პირისპირ შეხვედრა ისტორიაში. ეს შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიდერები მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და წამყვან სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე იმსჯელებენ. აშშ-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბირთვული შეიარაღების შემცირება იქნება.
