თბილისი (GBC) – ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ (DPC) ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს აიძულა, შეეჩერებინა ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელების წვრთნა იმ მონაცემებით, რომლებსაც კომპანიის AI აგენტები აგროვებდნენ. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.

კომპანიამ შეაჩერა ე.წ. მესამე მხარის მონაცემების (third-party data) გამოყენება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის აგენტი Grok Bot ოქტომბრის ბოლოდან სისტემების გასაწვრთნელად მოიპოვებდა. ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისრის, დეილ სანდერლენდის განცხადებით, უწყებამ მონაცემთა დამუშავების ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვა და კომპანიას პროცესის შეჩერება მოსთხოვა, რაც X-მა ოფიციალურად დაადასტურა.

ირლანდიის კონფიდენციალურობის მარეგულირებელი ევროპაში ყველაზე გავლენიან უწყებად ითვლება, რადგან სწორედ ის აკონტროლებს ევროპული რეგულაციების შესრულებას ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებში, რომელთა რეგიონული შტაბ-ბინებიც ირლანდიაში მდებარეობს, მათ შორისაა: Apple, Google, Meta, X და OpenAI.

Politico-ს შეფასებით, X-ის შემთხვევა პრეცედენტულია, რადგან ევროპელი მარეგულირებლები ყურადღებას ამახვილებენ ახალ გამოწვევაზე: თუ აქამდე დავა ეხებოდა იმ მონაცემების გამოყენებას, რომლებსაც მომხმარებლები თავად აზიარებდნენ, ახლა ფოკუსი გადადის მესამე მხარის მონაცემებზე, რომლებზეც წვდომას პერსონალური AI აგენტები იღებენ.

მესამე მხარის მონაცემები გულისხმობს პერსონალურ ინფორმაციას სხვა პირის შესახებ, რომელსაც ორი მხარე ერთმანეთს უზიარებს. მაგალითად, შვებულების ფოტოები, რომლებსაც მომხმარებელი უგზავნის მეგობარს, რომელიც AI აგენტს იყენებს. ეს კატეგორია ასევე მოიცავს ინტერნეტიდან AI აგენტების მიერ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს.

დეილ სანდერლენდის თქმით, კომისია ამ ეტაპზე კიდევ ერთ ტექნოლოგიურ კომპანიასთან (რომლის ვინაობაც არ სახელდება) აწარმოებს კონსულტაციებს AI აგენტების მიერ შეგროვებული მონაცემების გამოყენების გეგმებთან დაკავშირებით. კომისრის განმარტებით, მარეგულირებელს თავად AI აგენტების არსებობასთან პრობლემა არ აქვს, თუმცა უწყება მკაცრად შეისწავლის, რამდენად კანონიერია კომპანიების მხრიდან ამ მონაცემების შემდგომი გამოყენება ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია X-თან მოლაპარაკებებს განაგრძობს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა კონკრეტულად და რა იქნება უწყების შემდგომი ნაბიჯები.