თბილისი (GBC) - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 7–8 აპრილს უნგრეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი და პარლამენტის წევრი ბალაჟ ორბანი ავრცელებს.

„ეს ვიზიტი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსალოდნელია მაღალი დონის მოლაპარაკებები უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთო სტრატეგიული ინტერესების საკითხებზე“, — დაწერა ორბანმა.

12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ევროპელმა ექსპერტებმა ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდეს. გამოკითხვების მიხედვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი პარტია „Fidesz“ პროევროპული მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „Tisa“-ს მხრიდან სერიოზულ კონკურენციას აწყდებიან. პარტიას პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს. რეიტინგებს შორის სხვაობა რამდენიმე პროცენტულ პუნქტს შეადგენს.