თბილისი (GBC) – გაცვლის ფარგლებში რუსეთს შესაძლოა სულ მცირე 12 პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოუწიოს, იუწყება ამერიკული ტელეარხი CBS. მათ შორის, ვინც რუსეთს დატოვებს, იქნება ჟურნალისტი ვლადიმირ კარა–მურზა, რომელსაც 25 წელი აქვს მისჯილი. მას აშშ–ში ოჯახს დაუბრუნებენ.

გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნები (გაცვლაში სულ მცირე აშშ, გერმანია და სლოვენია მონაწილეობენ) მიიღებენ The Wall Street Journal–ის ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს, ყოფილ საზღვაო ქვეითს პოლ უილანს და რუსეთ–ამერიკის ჟურნალისტს ალსუ კურმაშევას, უთხრა CBS–ს აშშ–ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

რუსეთი კი 8 ადამიანს დაიბრუნებს, მათ შორის რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებულ პირებს. CBS–ის მონაცემებით, ამ 8 ადამიანს შორის არიან ეფესბეს თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც ბერლინში ჩეჩენი ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, რუსეთს უნდა გადასცენ არტემ და ანა დულცევები. სლოვენიაში მათ ჯაშუშობისთვის გუშინ მიუსაჯეს პატიმრობა 1 წლითა და 7 თვით. ეს ის ვადაა, რაც მათ უკვე გაატარეს ციხეში, აღნიშნავს გაზეთი The Guardian. სასამართლომ მათი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ისინი გაცვლის სიაში შეიყვანეს, უთხრა გაზეთს სიტუაციაში გარკვეულმა წყარომ.

„ეს ყველაზე რთული გაცვლა აშშ–რუსეთის და სსრკ–ის ისტორიაშიც კი“, – თქვა CBS–ის ჟურნალისტმა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. მისი თქმით, რუსეთთან გაცვლის საკითხებზე მოლაპარაკებებში მრავალი ამერიკული უწყება იყო ჩართული, მათ შორის თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. უშშ–ის ხელისუფლება პროცესთან დაკავშირებით, ვიდრე ის არ დასრულდება, ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შესაძლოა, პრეზიდენტმა ბაიდენმა განცხადება გააკეთოს.