თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილები, ერიკ ტრამპი და დონალდ ტრამპი-უმცროსი, ყაზახეთში ვოლფრამის საბადოების განვითარებასთან დაკავშირებული კომპანიის თანამფლობელები გახდნენ. ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში ძმებმა ტრამპებმა სამშენებლო ჯგუფ Skyline Builders-ში წილი შეიძინეს. გარიგებების სერიის შემდეგ Skyline-მა 20%-იანი წილი მიიღო კომპანიაში Kaz Resources, რომელიც საინვესტიციო ჯგუფ Cove Capital-თან არის დაკავშირებული. მოგვიანებით Kaz Resources და Cove Kaz Capital-ის სტრუქტურა, რომელიც ყაზახეთში პროექტებს აკონტროლებს, Skyline-თან გაერთიანდნენ. ახალი კომპანია გეგმავს აქციების საჯარო განთავსებას Nasdaq-ის ბირჟაზე Kaz Resources-ის ბრენდის სახელით, წერს FT.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა (US Export-Import Bank) და განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC, Development Finance Corporation) დაამტკიცეს ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვების პროექტების მხარდაჭერისთვის 1,6 მილიარდ დოლარამდე დაფინანსების გამოყოფა. აღნიშნულ პროექტებში საკონტროლო პაკეტი (70%) Cove Kaz Capital-ის სტრუქტურამ მიიღო.
დონალდ ტრამპ-უმცროსის წარმომადგენელმა FT-ს განუცხადა, რომ იგი პასიური ინვესტორია, არ მონაწილეობს ოპერაციულ საქმიანობაში და არ ურთიერთობს ფედერალურ უწყებებთან იმ კომპანიების ინტერესებისთვის, რომლებშიც ინვესტიციები აქვს.