თბილისი (GBC) - ამერიკაში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში დემოკრატების შესაძლო გამარჯვება ევროპას დაუყოვნებლივ შვებას ვერ მოუტანს და შესაძლოა, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავოს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

ექსპერტებისა და დიპლომატების შეფასებით, თუ დემოკრატები კონგრესზე კონტროლს დააბრუნებენ, დონალდ ტრამპს საშინაო პოლიტიკაში ფრთები შეეკვეცება, რაც მას აიძულებს ყურადღება საგარეო პოლიტიკასა და ვაჭრობაზე გადაიტანოს, სფეროებზე, სადაც საკანონმდებლო ორგანოს შეზღუდვები შედარებით სუსტია.

გერმანელი დიპლომატი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილი თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი მიიჩნევს, რომ ევროპელების მხრიდან ურთიერთობების დათბობის მოლოდინი შეცდომაა. მისი თქმით, თუ ტრამპი შიდაპოლიტიკურ გამოძიებებსა და იმპიჩმენტის პროცედურებში ჩაეფლობა, ის სწორედ საგარეო ფრონტზე გააქტიურდება, რაც ევროპის მიმართ ახალ მოთხოვნებსა და უთანხმოებებს მოიტანს.

NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი აღნიშნავს, რომ დემოკრატების მიერ კონგრესის დაკავება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას მკვეთრად ვერ შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატები უკრაინისა და NATO-ს მხარდაჭერას გააძლიერებენ, მათ არ შეუძლიათ აიძულონ პრეზიდენტი გამოყოფილი თანხები დახარჯოს. ვოლკერი პროგნოზირებს, რომ ტრამპი აქტიურად გამოიყენებს სამართლებრივ მექანიზმებს გამოყოფილი დაფინანსების შესაჩერებლად და დავებს სასამართლოებში გადაიტანს.

Chatham House-ის ხელმძღვანელი ბრონუენ მადოქსი ხაზს უსვამს, რომ არჩევნების შედეგის მიუხედავად, ევროპელმა ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, თუ რამდენად შეიცვალა ამერიკული პოლიტიკური ლანდშაფტი. მისი შეფასებით, ამერიკელი ამომრჩევლის ყურადღება სულ უფრო მეტად შიდა პრობლემებისკენ არის მიმართული და აშშ საკუთარ თავს ევროპასთან ისე აღარ აიგივებს, როგორც ადრე.