თბილისი (GBC) – გაზის სამხრეთის დერეფანი არ ახორციელებს რუსული გაზის ტრანსპორტირებას ევროკავშირში. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხებში ტიმ მაკფიმ განაცხადა ბაქოს მიმართ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდების საპასუხოდ, რომ თითქოს ამ გაზსადენით ევროპას რუსულ გაზს აწვდიან.
საინფორმაციო სააგენტო TREND-ის მონაცემებით, აზერბაიჯანმა ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთისგან 1 მლრდ კბ/მ გაზი იყიდა შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ამ პერიოდში აზერბაიჯანული საბადოებიდან მოპოვებული 24 მლრდ კბ/მ გაზი გავიდა ექსპორტზე, მათ შორის საქართველოში, თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში.
„ჩვენი საერთო მიზანი, უარი ვთქვათ რუსულ გაზზე, ცალსახად ნათელია და აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის წარმოშობაც აბსოლუტურად გამჭვირვალეა“, – თქვა მაკფიმ ყოველდღიურ ბრიფინგზე.
ევროკავშირის ქვეყნებში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. გაზსადენი კასპიის რეგიონს ევროპის ქვეყნებთან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით აკავშირებს.