თბილისი (GBC) – აზერბაიჯანი ნახიჩევანის გავლით თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე მწვანე ენერგიის მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, COP29-ის ფარგლებში ბაქოში დაწყებული ინიციატივები უკვე მდგრად პროცესად ჩამოყალიბდა, ხოლო ბაქოს კლიმატის კვირეული ამ საქმიანობის გაგრძელებაა.

შაჰბაზოვმა აღნიშნული განცხადება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მეოთხე კლიმატის კვირეულის (CW4) კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

მინისტრის განცხადებით, ახალი ენერგეტიკული რეალობის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიება და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბება.

შაჰბაზოვის თქმით, COP29-ის ფარგლებში აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული ინიციატივები კვლავ ვითარდება.

„უკვე 64–მა ქვეყანამ აიღო ვალდებულებები მწვანე ენერგიის სფეროში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე აზერბაიჯანში ქარის ენერგიის წარმოება შესაძლოა ექვსჯერ გაიზარდოს. მომავალი წლის ბოლოსთვის კი მზის ენერგიის სექტორშიც წარმოების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი.

შაჰბაზოვმა ცალკე ყურადღება გაამახვილა ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის მნიშვნელობაზე ქვეყნის მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისთვის.

„ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ამ რეგიონებში წარმოებული მწვანე ენერგიის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მწვანე ენერგიის ზანგეზურის დერეფნის გავლით ნახიჩევანში გადამისამართება, იქიდან კი თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე მიწოდება“, – განაცხადა მინისტრმა.