თბილისი (GBC) – საერთაშორისო სამიტზე 40-ზე მეტმა ქვეყანამ განიხილა ჰორმუზის სრუტეში სანავიგაციო მარშრუტების აღდგენის შესაძლებლობა პირდაპირი სამხედრო ესკალაციის გარეშე, იუწყება BBC.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ ირანის მოქმედებები ამ მარშრუტს მთელ მსოფლიოზე ზეწოლის ინსტრუმენტად აქცევს. მისი თქმით, თეირანმა „საერთაშორისო საზღვაო გზა ხელში ჩაიგდო, რათა მსოფლიო ეკონომიკა მძევლად აქციოს“.
კონფლიქტის დაწყებიდან სრუტეში 25-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა. დაახლოებით 2000 გემი ბლოკირებული აღმოჩნდა, მათ ბორტზე კი ათობით ათასი მეზღვაურია. ამან უკვე გამოიწვია ენერგომატარებლების მიწოდების შეფერხება და ფასების რეკორდული ტემპით ზრდა.
კუპერმა შედეგების მასშტაბზეც გაამახვილა ყურადღება: „ეს გავლენას ახდენს აზიაში გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) მიწოდებაზე, აფრიკაში სასუქების ექსპორტზე და მსოფლიოში საავიაციო საწვავის მიწოდებაზე“. მანვე დასძინა, რომ კრიზისი ცხოვრების ღირებულებაზეც აისახება, მათ შორის საწვავის ფასებსა და იპოთეკურ განაკვეთებზე.
ამასთან, ლონდონი დიპლომატიურ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას. მინისტრის თქმით, სამიტი „დიპლომატიურ ზომებზეა კონცენტრირებული და არა სამხედრო ვარიანტებზე“, თუმცა მოკავშირეები ნაოსნობის დაცვის მიზნით კოალიციის შექმნასაც განიხილავენ.
აშშ უფრო გადამწყვეტ ნაბიჯებს ითხოვს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა „სიმამაცე უნდა გამოიჩინონ“ და მარშრუტზე კონტროლი თავად უზრუნველყონ.
„შედით სრუტეში და უბრალოდ დაიცავით ის“, — თქვა მან.
კრიზისის ფონზე, ბოლო კვირებში Brent-ის ფასი ბარელზე 73 დოლარიდან 115 დოლარამდე გაიზარდა, რაც მსოფლიო ეკონომიკასა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებზე ზეწოლას ზრდის.
მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზადდება საერთაშორისო შეხვედრა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენის საკითხზე.
ჰორმუზის სრუტეს, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით 20% (დაახლოებით 20 მილიონი ბარელი დღეში) გადის, ნავთობის მიწოდების თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამჟამად იქ მოძრაობა თითქმის შეჩერებულია.