თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, კომუნიკაციების საკითხებში, დმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკის ირლანდიაში ვიზიტის დროს, მის თვითმფრინავს უცნობი დრონები აედევნნენ, თუმცა, "ამ ინციდენტს ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია".
„უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მასპინძელი მხარე. მათი მონაცემებით, ასეთი დრონები მართლაც არსებობდა, მაგრამ ამას ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია და რაიმე ცვლილება არ გამოუწვევია“, - აღნიშნა ლიტვინმა, რომლის კომენტარსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
4 დეკემბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაშვებამდე უცნობი დრონები აედევნნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დრონი იმავე ტრაექტორიას მიჰყვებოდა, რასაც თვითმფრინავი, რომლითაც ზელენსკი მგზავრობდა და თვითმფრინავი დაგეგმილზე ოდნავ ადრე დაეშვა.
ამასთან, მოგვიანებით იგივე დრონებმა წრე დაარტყეს ირლანდიის საზღვაო ძალების გემს, რომელიც ზელენსკის ვიზიტამდე ფარულად გაგზავნეს ირლანდიის ზღვაში.
მომხდართან დაკავშირებით, ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ.
ზელენსკი ირლანდიაში ვიზიტით 1 დეკემბერს, ღამით ჩავიდა, ოფიციალური შეხვედრები და პრესკონფერენცია კი 2 დეკემბერს ჰქონდა. დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა ვიზიტის დასრულების შემდეგ.
ამოუცნობი დრონები ბოლო თვეების განმავლობაში დააფიქსირეს ევროპის არაერთი ქვეყნის აეროპორტებისა და სამხედრო ობიექტების მახლობლად. მათ შორის: მოლდოვაში, დანიაში, ნორვეგიაში, ნიდერლანდში, გერმანიაში, ბელგიასა და ლიეტუვაში.
2025 წლის სექტემბერში, პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის დროს პოლონეთის ტერიტორიაზე ოცამდე დრონი შეიჭრა და მათი ჩამოგდება გახდა საჭირო. თავდასხმები განხორციელდა აღმოსავლეთ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რის გამოც დაიხურა პოლონეთის, მათ შორის დედაქალაქის საჰაერო სივრცე. პოლონეთის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რამდენიმე საათის განმავლობაში ანეიტრალებდნენ დრონებს.