თბილისი (GBC) – ისრაელის თავდაცვის არმიამ ისრაელის მოსაზღვრედ მცხოვრებ ღაზელებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ავიხაი ედრიმ გამოაქვეყნა. 

„ღაზას მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს რუკაზე წითლად მონიშნულ ტერიტორიებზე: ისრაელის თავდაცვის არმიამ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ და ეს ოლქები ამჟამად საბრძოლო მოქმედებების ზონად ითვლება. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ განახორციელეთ ევაკუაცია ღაზას დასავლეთით და ხან–იუნისში“, – წერს იგი X-ზე არაბულ ენაზე.

ედრიმ პოსტს რუკაც დაურთო, სადაც ისრაელის მოსაზღვრე და ასევე ღაზას ჩრდილოეთ და სამხრეთ დაბოლოებები წითლად არის მონიშნული.

ბოლო მონაცემებით, რომლებსაც Al Arabiya ავრცელებს, ქალაქ ღაზაზე ისრაელის მხრიდან საავიაციო იერიშის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 356 ადამიანი, დაჭრილთა რაოდენობა კი ათასს აჭარბებს.