თბილისი (GBC) – თურქეთში, ხუთშაბათს დილით ჩატარებული რეიდების შედეგად, მერსინის პროვინციის მერი ვაჰაპ სეჩერი, ასევე იენიშეჰირისა და მეზითლის მუნიციპალიტეტების მერები დააკავეს. ხელისუფლების ინფორმაციით, კორუფციის საქმეზე დაკავებულთა საერთო რაოდენობამ 59 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

ვაჰაპ სეჩერი, იენიშეჰირის მერი აბდულა ოზიიგითი და მეზითლის მერი აჰმეთ სერკან თუნჯერი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრები არიან. პარტიის ახალმა თავმჯდომარემ ქემალ ქილიჩდაროღლუმ თანამდებობაზე გასული წლის მაისში არჩევის შემდეგ პარტიის კორუფციისგან გაწმენდის პირობა დადო.

გამოძიების ინფორმაციით, მერსინის მუნიციპალიტეტში, რომელიც დაახლოებით 2 მილიონი მოსახლით გამოირჩევა, 13 სახელმწიფო ტენდერსა და 63 შესყიდვაში გამოვლენილმა დარღვევებმა სახელმწიფოს 330 მილიონ თურქულ ლირაზე მეტი ($6.73 მლნ) ზარალი მიაყენა.

გამომძიებლების ცნობით, მეზითლის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულმა ეჭვმიტანილებმა ტენდერებისა და შესყიდვების გაყალბების გზით 1.1 მილიარდ ლირაზე მეტი ზიანი მიაყენეს. იენიშეჰირის მუნიციპალიტეტში კი მიყენებულმა ზარალმა 105 მილიონი ლირა შეადგინა.

ანალოგიური კორუფციული სქემები გამოვლინდა ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოძიების ქვეშ მოქცეული მუნიციპალიტეტების უმეტესობაში, რომელთა თითქმის ყველა მერი CHP-ის წარმომადგენელი იყო.

ხვა საქმეების ფარგლებში პროკურატურამ ბრალი, მათ შორის, მერებსა და მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნებს, კრიმინალური გაერთიანებების შექმნასა და ხელმძღვანელობაში დასდო. მათ ასევე ედავებიან მშენებლობის ნებართვებისა და ზონირების ცვლილებების სანაცვლოდ ქრთამის აღებას, ბიზნესებისთვის მომგებიანი კონტრაქტების უკანონო ავანსების სანაცვლოდ გადაცემას და კომპანიებზე ზეწოლას – მათ მომსახურებაში გადასახდელი თანხები კონტრაქტორებს მხოლოდ მას შემდეგ ერიცხებოდათ, რაც ისინი მუნიციპალიტეტებს დამატებით თანხას გადაუხდიდნენ.

ხელისუფლების განცხადებით, აჰმეთ სერკან თუნჯერის წინააღმდეგ ცალკე გამოძიებაც მიმდინარეობს. მას საკუთარი პოლიტიკური ოპონენტებისა და ასევე „ახალი პარტიის“ ადგილობრივ ოფისსა და ერთ-ერთი მედია კომპანიის ოფისებზე შეიარაღებული თავდასხმების ორგანიზების შესახებ ბრალდებები წაუყენეს.

„ახალი პარტია“ გასული წლის ივლისში CHP-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ოზგიურ ოზელმა დააარსა.