თბილისი (GBC) – აშშ-ის ხელოვნური ინტელექტის (AI) წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებმა თეთრ სახლში შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც AI-მოდელებზე შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
შეთანხმების ხელმოწერის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
ვინ მოაწერა შეთანხმებას ხელი
The Hill-ის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერები, მათ შორის Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, OpenAI-ის პრეზიდენტი გრეგ ბროკმანი, Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი, Google-ის CEO სუნდარ პიჩაი, Meta-ს CEO მარკ ცუკერბერგი და xAI-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი.
მაიკ ჯონსონის განცხადებით, დოკუმენტი AI-ის დეველოპერებისთვის რიგ ნებაყოფლობით ვალდებულებებს ადგენს.
ტრამპმა შეთანხმებას „თითქმის კონსტიტუცია“ და „მორალურად სავალდებულო“ დოკუმენტი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ინდუსტრიისთვის „თვითკონტროლის“ კომპონენტს ითვალისწინებს.
ტრამპი AI-ზე ზედამხედველობის კომიტეტის შექმნას განიხილავს
Associated Press-ის ინფორმაციით, ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება ინდუსტრიის ლიდერებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს, რათა AI-ის გამოყენება მომხმარებლებისთვის უსაფრთხო იყოს და ამავდროულად ინოვაციები არ შეიზღუდოს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ადმინისტრაციამ შესაძლოა შექმნას 10-კაციანი კომიტეტი, რომელიც AI-ის ინდუსტრიაზე ზედამხედველობას განახორციელებს.
აშშ-ში AI-ს „სუპერინტელექტი“ ეწოდა
შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში „Artificial Intelligence“ და „AI“ ტერმინები „Super Intelligence“ და „SI“-თი უნდა ჩანაცვლდეს.
თეთრი სახლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანია ყურადღების გამახვილება ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ისინი აშშ-ის მოქალაქეებისთვის ქმნის. აღმასრულებელი განკარგულება ფედერალურ უწყებებს ავალდებულებს, ახალი ტერმინები გამოიყენონ ოფიციალურ მიმოწერაში, საჯარო კომუნიკაციებში, ანგარიშებსა და პოლიტიკურ დოკუმენტებში.
ტრამპმა AI-ისთვის „სუპერინტელექტის“ სახელის გამოყენება პირველად გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამოსვლისას შესთავაზა.
Anthropic-ის გაფრთხილება AI-ის რისკებზე
AI-ის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ რისკებზე მანამდე Anthropic-იც საუბრობდა. კომპანია აფრთხილებდა შესაძლო „კატასტროფულ ან ეგზისტენციალურ რისკებზე“ და მიუთითებდა, რომ მოწინავე AI-მოდელებმა შესაძლოა წინააღმდეგობა გაუწიონ გამორთვას, დამალონ ან დაამახინჯონ ინფორმაცია და გამოავლინონ ქცევა, რომელიც „შანტაჟს“ ჰგავს.
AI-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დისკუსია აშშ-ში სულ უფრო აქტუალური ხდება. Associated Press-ის ბოლო ცნობებით, ფედერალური სავაჭრო კომისია OpenAI-ს, Anthropic-სა და სხვა AI-კომპანიების ტექნოლოგიებიდან მომხმარებლებისთვის შესაძლო რისკებსაც იკვლევს.
