თბილისი (GBC) – მრავალმილიარდიანი კაპიტალიზაციის მქონე ყაზახური Kaspi.kz–ის თანამფლობელი და ხელმძღვანელი მიხეილ ლომთაძე ფინ–ტექ კომპანიის ბიზნესის გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და უზბეკეთში გეგმავს. ამის შესახებ მან ნიუ–იორკში ფინტექ–ინვესტორთან და პოდკასტების წამყვანთან მიგელ არმაზესთან ინტერვიუში 19 ივნისს განაცხადა. 

„იდეა ის არის, რომ ისეთ ბაზრებზე გასვლას ვისურვებდით, რომლებიც ყაზახეთზე დიდია. ზოგიერთი ბაზარი, მაგალითად აღმოსავლეთ ევროპა, ჩვენთვის მიმზიდველია. აზიის ბაზრებიც საინტერესოა. არის უზბეკეთი, რომელიც მსხვილი ბაზარია და ყაზახეთსაც ესაზღვრება, რაც ასევე მიმზიდველია“, – თქვა ლომთაძემ.

მისივე თქმით, კომპანიის ხელმძღვანელები Kaspi.kz–ის მომხმარებლების რაოდენობის 100 მილიონამდე გაზრდას გეგმავს. დღეს ყაზახეთში 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 15 მილიონი ლომთაძის კომპანიის სერვისებით სარგებლობს.

„ვიცი, ადგილობრივ ბაზარზე ზრდისთვის ჯერ კიდევ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს. ყაზახეთი ჩვენი სახლია. ამიტომ ყოველთვის გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას ამ ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდებას“, – თქვა ქართული წარმოშობის მილიარდერმა.

Kaspi.kz–ის აქციების საბაზრო ღირებულება $24 მლრდ–ს აჭარბებს. 2023 წელს კომპანიის შემოსავალი $4,2 მლრდ იყო.