თბილისი (GBC) - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოვიდა განცხადებით უნგრეთის ენერგოსისტემის მიმართ არსებული ე.წ. „უკრაინული საფრთხის“ შესახებ და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად სამხედროების განლაგება დააანონსა. 

25 თებერვალს, თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ, უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინა „გეგმავს ახალ ქმედებებს“ უნგრეთის ენერგოსისტემის დასაზიანებლად - ნავთობსადენ „დრუჟბათი“ რუსული ნავთობის მოწოდების შეწყვეტის დამატებით, რის გამოც იგი ზომებს მიიღებს.

„მე გავეცი განკარგულება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის გაძლიერების შესახებ... ჩვენ განვათავსებთ სამხედროებს ენერგოობიექტებთან და საჭირო საშუალებებს თავდასხმების აღსაკვეთად. პოლიცია მოახდენს პატრულირებას კონკრეტული ელექტროსადგურების, გამანაწილებელი სადგურებისა და სადისპეტჩერო ცენტრების გარშემო“, - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გასცა განკარგულება უკრაინის მოსაზღვრე რეგიონში დრონების ფრენის აკრძალვის შესახებ.

მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსული რაკეტით არ განადგურებულა და უკრაინამ რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთისთვის მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით შეაჩერა, რათა არჩევნებზე მხარი დაეჭირა უნგრეთის ოპოზიციისთვის. მან დაადასტურა, რომ ამ მიზეზით უნგრეთი გააგრძელებს როგორც ევროკავშირის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტის, ისე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული კრედიტის გამოყოფის ბლოკირებას.

სიიარტომ ასევე კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინა „ანტიუნგრულ პოლიტიკასა“ და მისი ქვეყნის მიმართ „სიძულვილში“.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის აპრილში გაიმართება. სოციოლოგიური გამოკითხვები ოპოზიციური პარტია „ტისას“ (Tisza) მნიშვნელოვან უპირატესობას აჩვენებს.