თბილისი (GBC) – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯაზე რუსეთში მორატორიუმის მოსახსნელად რეფერენდუმის ჩატარება საჭირო არ არის, რადგან ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც საკმარისია.

„კონსტიტუციაში და სისხლის სამართლის კოდექსში სიკვდილით დასჯა არავის გაუუქმებია, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ასეთი განაჩენის გამოტანა შეაჩერა. ამიტომ არ არის საჭირო რაღაც რეფერენდუმები, ამ საკითხში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც საკმარისია“, – განაცხადა დუმის სპიკერმა, რომელსაც რუსული მედია ციტირებს.

ვოლოდინმა დეპუტატებს შეახსენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების გამო მიიღო. „ჩვენ გამოვედით ევროპის საბჭოდან? ასეა. ამიტომ ამ თემის განხილვა საჭიროა“, – აღნიშნა ვოლოდინმა.

ამ საკითხის განსახილველად ვოლოდინმა ფრაქციათაშორისი კომისიის შექმნის ინიციატივა წამოაყენა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენელი და პროფილური კომიტეტების ხელმძღვანელები შევლენ. მისი თქმით, კომისიამ მიგრაციის პოლიტიკის საკითხებიც უნდა განიხილოს.

სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა პაველ კრაშენინნიკოვმა განაცხადა, რომ „გლობალური გადაწყვეტილების მიღება ცივი გონებით უნდა მოხდეს“. თუმცა, დასძინა, რომ მზადაა შეკრებების, განხილვის, ანალიზისთვის. „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ, ორშაბათს, კრაშენინნიკოვი სიკვდილით დასჯის დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიოდა.

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კი სამშაბათს თავი შეიკავა სიკვდილით დასჯის დაბრუნების კომენტირებისგან.