თბილისი (GBC) – კრიპტოვალუტის ბირჟა Binance მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, $6 მლრდ–ზე მეტი მოიპარეს. კრიპტოანალიტიკოს ZachXBT-ის მტკიცებით, სავარაუდო კიბერშეტევასთან შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის დაზვერვა იყოს დაკავშირებული.

მისი ვერსიით, Binance-ის ერთ-ერთი ინჟინერი რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ქალთან, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის აგენტი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო თავდასხმის დღეს ბირჟის თანამშრომელმა ლეპტოპი უყურადღებოდ დატოვა, რითაც მისმა პარტნიორმა ისარგებლა. ამ ვერსიის თანახმად, ამან ჰაკერებს სისტემაზე წვდომისა და კრიპტოაქტივების მოპარვის შესაძლებლობა მისცა.

შეტყობინებაში მოყვანილი შეფასებით, სავარაუდო ზარალმა 6 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც ჩრდილოეთ კორეის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით მეოთხედის ეკვივალენტია.

ამასთან, აღწერილ ვერსიასა და დასახელებული ზარალის ოდენობას დამოუკიდებელი დადასტურება არ აქვს.