თბილისი (GBC) - "თეირანი სუნთქავს, ირანის რეჟიმი დაშლის გზაზეა" - ამ სათაურით აქვეყნებს The Telegraph სტატიას, სადაც ვკითხულობთ, რომ 2026 წლის ყოველი დღე თეირანის ისლამური რეჟიმისთვის წარუმატებლობით იწყება. ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მძვინვარებს - ყველაზე მასშტაბური მას შემდეგ, რაც 2022 წელს მთავრობამ მაჰსა ამინი მოკლა.

"დღეს ჩვენ ვხედავთ შეტაკებებს, რომელშიც ყველა ასაკისა და დემოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელი - მოვაჭრეებიდან დაწყებული, სტუდენტებით დასრულებული მონაწილეობს. აიათოლების მმართველობის დასრულების, მონარქიის აღდგენისა და თავისუფლების მოთხოვნა კასპიის ზღვიდან სპარსეთის ყურემდე ისმის. მართალია, ეკონომიკა კოლაფსის პირასაა, თუმცა ეს პროცესი მხოლოდ ეკონომიკას არ ეხება - ეს ბრძოლაა თავისუფლებისთვის", - წერს The Telegraph.

სტატიის ავტორის თქმით, კარიბის ზღვის აუზში ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ დამძიმდა, რაც ნიკოლას მადურო აშშ–ის სპეცრაზმმა დააკავა. ათწლეულების განმავლობაში ვენესუელა წარმოადგენდა იმ დასაყრდენს, რომელიც ირანის მსგავს ტერორისტულ სახელმწიფოს ფუნქციონირების საშუალებას აძლევდა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სანქციებმა ირანში აქტივები გაყინა და ვაჭრობა შეაფერხა, ვინ დაუდგებოდა მათ გვერდში? თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა მზად იყო გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ დახმარებოდა, თუმცა სირიის დაცემისა და სხვების დისტანცირების შემდეგ, კარაკასი თეირანის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად იქცა. ერთი კვირის წინ ყველაფერი შეიცვალა.

ნიკოლას მადუროს გადაყენება შესაძლოა ვენესუელის სუვერენიტეტის დარღვევად აღიქმებოდეს, თუმცა ამ ფაქტმა ირანის ლოგისტიკის პარალიზებული მოახდინა. სად მოიპოვებენ ახლა დიპლომატიურ პასპორტებს რეჟიმის წარმომადგენლები - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) და მათი ტერორისტული მარიონეტები „ჰეზბოლადან“? როგორ აუვლიან გვერდს სანქციებს? სად დაამზადებენ ნაწილებს ბალისტიკური რაკეტებისა და დრონებისთვის, რომლებითაც ახლო აღმოსავლეთს უტევენ და რომლებსაც რუსეთს აწვდიან უკრაინელების დასახოცად?

ახლა ირანის რეჟიმს მოუწევს ისეთი მანევრირება, რაც ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი გაუჭირდებოდათ. ირანის რეჟიმს ცოტა მეგობარი დარჩა, მოსკოვი კი — მათი მთავარი პარტნიორი — სხვა საქმეებითაა დაკავებული", - ვკითხულობთ სტატიაში. 

2026 წლის დასაწყისი 86 წლის უზენაესი ლიდერისთვის კატასტროფული აღმოჩნდა, თუმცა წელი ახლა იწყება და მიმართულება უკვე ნათელია. მოვლენების სავარაუდო განვითარება აჩვენებს, თუ რატომ არის ეს რეჟიმი განწირული. ასაკის მიუხედავად, აიათოლა ალი ხამენეი დემონსტრანტებს წინააღმდეგობას უწევს. მან საპროტესტო აქციების დარბევის ბრძანება გასცა და უსაფრთხოების ძალებს ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების დახოცვისკენ მოუწოდა. შედეგები უკვე სახეზეა: გადავსებული მორგები და ციხეები, უამრავი დაჭრილი და რეიდები საავადმყოფოებში, სადაც ამ დაჭრილებს მკურნალობენ. ეს არის სრულმასშტაბიანი რეპრესია, რომელიც მარცხისთვისაა განწირული — აიათოლების წინააღმდეგ მოქმედი ფაქტორები მეტისმეტად ძლიერია.

ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, "Iran Human Rights"-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული.

8 იანვარსაც, თეირანში მასობრივი პროტესტი გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მიერ გადამოწმებული სოციალური ქსელების ფოტოებზე ჩანს, რომ დემონსტრანტები შეიკრიბნენ ბულვარში - ირანის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ მთავარ გამზირზე.

პროტესტები დაფიქსირდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის დასავლეთ ირანში მდებარე ქურთულ რაიონებში, ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში.

რამდენიმე საათის წინ მედიაში და სოცქსელებში გავრცელდა ბრიტანელი დეპუტატის, უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მინისტრის ტომ ტუგენდჰატის განცხადება, რომელიც თემთა პალატაში გააკეთა. დეპუტატი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთის სატვირთო თვითმფრინავები თეირანის აეროპორტში დაეშვნენ, საიდანაც ოქროს მსხვილ პარტიებს ეზიდებიან.

პროტესტის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით გაითიშა ინტერნეტი.