თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სებში ოთხშაბათს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სავალუტო ფონდი ქვეყნის მრავალკომპონენტიანი რეფორმების გრძელვადიან პროცესში ჩაერთვება. ხუციშვილმა სსფ–ის რეკომენდებულ რეფორმებში ყველაზე მასშტაბურად დაასახელა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება. მისი თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და სახელმწიფომ გარკვეული შედეგების მიღებაც შეძლო.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ფისკალური რისკის დაზღვევის ნაწილი, რისთვისაც ფინანსური ზედამხედველობის ძლიერი ჩარჩოა მომზადებული.

ხუციშვილის განმარტებით, რეფორმები მრავალ კომპონენტს მოიცავს და სსფ მზადყოფნას გამოთქვამს ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის, თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არსებობს და მინისტრი დარწმუნებულია, რომ ფორმალური შეთანხმებაც შედგება.

ხუციშვილის თქმით, რეფორმების პროცესი გრძელვადიანია.

სებში ოთხშაბათს ერთობლივი ბრიფინგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სსფ–ის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა გამართეს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის  IV მუხლის მისიის დასკვნას მიეძღვნა.