თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა კობახიძის დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმის კომენტირებისას განაცხადა, რომ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებში, სახელმწიფო საწარმოებში და საქართველოს რკინიგზაში და ოპტიმიზაციის შედეგად უკვე 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა.
მისი თქმით, ოპტიმიზაცია პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის პირველი ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე გასვლა.
„სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ არა თვითკმარი, არამედ უნდა გავიდნენ მოგებაზე, რაც არის მათი პირველადი და მთავარი ამოცანა. მათ უნდა შეძლონ სესხების აღება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტში ფულის შეტანა. ეს არის საბოლოო მიზანი და ამ მიზანს ემსახურება ის პირველი ნაბიჯი, რომელიც უკვე გადაიდგა და რომელიც გულისხმობს საწარმოთა ოპტიმიზაციას", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სახელმწიფო საწარმოების რეფორმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნაში გაწერილ რეკომენდაციებშიც მოხვდა, რასთან დაკავშირებითაც პრემიერმა კობახიძემ ვრცელი კომენტარი გააკეთა: „სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა. ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები, ამიტომ ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას, სისტემის გაჯანსაღებას, დახვეწას, გაუმჯობესებას“.