თბილისი (GBC) – საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, აშშ-თან ურთიერთობების „გადატვირთვის“ პროცესსა და ევროკავშირთან არსებულ კრიზისულ დინამიკაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონთან დიალოგი პოზიტიურ ფაზაში შედის, ხოლო ბრიუსელის მხრიდან „შანტაჟის ენა“ მიუღებელია.

ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგში დაბრუნდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციასთან დაწყებული აქტიური კონსულტაციებით დასტურდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ თებერვლიდან დღემდე განხორციელებული კომუნიკაცია, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან შემდგარი სატელეფონო ზარი და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტები, „პოზიტიურად და შედეგიანად“ ფასდება.

„მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა, არ იყო მარტივი. თუმცა დღეს არსებობს ურთიერთობების გაჯანსაღების რეალური სურვილი“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მაისში საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი მაღალი დონის ვიზიტი იგეგმება. მისივე თქმით, სტრატეგიული თანამშრომლობის სრულად აღდგენა დიდწილად ამერიკული მხარის პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან „შანტაჟის ენით“ საუბარი შედეგს ვერ გამოიღებს. მან უარყო ბრალდებები ხელისუფლების „ანტიევროპული რიტორიკის“ შესახებ და პროცესების შეფერხებაში ბრიუსელის ბიუროკრატია დაადანაშაულა.

„დიალოგი და ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია ევროკავშირის მიერ. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ამ პროცესზე“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ბოლო დროინდელ განცხადებებზე და მათ „პირდაპირი მუქარა“ უწოდა, რაც ქართულ საზოგადოებაში სამართლიან შეშფოთებას იწვევს.

მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ცალკეული აქტორების მცდელობისა, დააწესონ სანქციები ან გამოიყენონ სხვა ზეწოლის მექანიზმები, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა რთული იქნება, რადგან ბევრი სახელმწიფო აცნობიერებს არსებული მიდგომების უსამართლობას.