თბილისი (GBC) - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების აღდგენის პროცესი აქტიურ ფაზაშია. დეპუტატის თქმით, „ყინული დაძრულია“ და მხარეები არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე მუშაობენ.

მახაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში მიზნად ისახავდა იმ სტაგნაციის დაძლევას, რომელიც წინა ადმინისტრაციის პერიოდში ჩამოყალიბდა.

„დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ურთიერთობები აღდგენილია. ჩვენთვის სასურველი წერტილი სტრატეგიული პარტნიორობის სრულფასოვანი აღდგენაა. პოლიტიკური ნება არსებობს და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

კომიტეტის თავმჯდომარე განსაკუთრებულ იმედებს მაისში დაგეგმილ შეხვედრებზე ამყარებს. მისი თქმით, აპრილში განხორციელებული ვიზიტებისა და სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, მაისის განვითარებები პროცესს არსებითად შეუწყობს ხელს. მახაშვილმა კონკრეტული თარიღების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა, რომ მხარეები უკვე „შემდეგ ნაბიჯებზე“ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დააანონსა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.