თბილისი (GBC) - ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი საქართველოში „სწრაფი დემოკრატიული უკუსვლისა“ და ადგილობრივ დონეზე „ერთპარტიული მმართველობის“ დამყარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ორგანიზაციის მიერ მიღებული რეზოლუციისა და რეკომენდაციების თანახმად, ქვეყანაში ფუნდამენტური თავისუფლებები იზღუდება, ხოლო დემოკრატიული სტანდარტების აღსადგენად წარსულში გაცემული მითითებები უგულებელყოფილია.

კონგრესის განცხადებით, ათწლეულების განმავლობაში პირველად, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩატარდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო საარჩევნო პროცესისადმი ნდობის მოპოვება, რამაც მუნიციპალიტეტების ნახევარში არჩევნები „ერთპარტიულ შეჯიბრებად“ აქცია.

„განსხვავებული აზრი - კერძოდ კი ახალგაზრდობა, სამოქალაქო საზოგადოება და მედია სულ უფრო მეტად დგას დაშინების, დაპატიმრებებისა და სისხლის სამართლის დევნის წინაშე“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

ევროპელი პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა და პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალიზაციამ ქვეყანაში პლურალიზმი „დაადუმა“.

კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე კრიტიკული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს:

  • პოლიტიკური დიალოგი: სასწრაფოდ აღდგეს ინკლუზიური პროცესი მმართველობის ყველა დონეზე პოლარიზაციის შესამცირებლად.
  • რეფორმების გაუქმება: გაუქმდეს საარჩევნო კოდექსის ის შესწორებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და ზღუდავს დაკვირვების პროცესს.
  • დევნის შეწყვეტა: შეწყდეს ოპოზიციური ხმის კრიმინალიზაცია და გაუქმდეს პარტიების აკრძალვის ხელშემწყობი რეგულაციები.
  • საერთაშორისო სტანდარტები: შესრულდეს ვენეციის კომისიის დასკვნები და აღდგეს ადგილობრივი თვითმმართველობა ევროპული ქარტიის შესაბამისად.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია იმ კანონების გაუქმება, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევს, რათა ქვეყანაში აღდგეს პლურალისტური დემოკრატიისთვის საჭირო კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები.