თბილისი (GBC) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 30 ივნისს და 1 ივლისს ირანის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა, ირანის საელჩოს ინიციატივა იყო.

უწყებაში განმარტავენ, რომ ირანის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ 26 ივნისს ოფიციალური ნოტით მიმართა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას: „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

2 ივლისს, საქართველოში ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ირანის საელჩოს სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე და განაცხადა, რომ ეს „მორალურად არასწორია“.

მანამდე, ირანის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მიმართ სამძიმარი გამოთქვა, ირანის მიმართ კი სოლიდარობა გამოხატა.

ირანის საელჩოს განმარტებითვე აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – მათ შორის, თურქმენეთისა და ყაზახეთის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის ,საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები“.

ირან-ისრაელის 12-დღიანი ომი 13 ივნისს დაიწყო, როდესაც ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა, მოკლა სამხედრო მეთაურები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ირანმა საპასუხოდ ისრაელის სამხედრო ობიექტებს, ინფრასტრუქტურასა და ქალაქებს რაკეტებით შეუტია.

ამერიკის შეერთებული შტატები ომში 22 ივნისს ჩაერთო და ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა.

24 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ისრაელის „აგრესიის აქტმა მრავალი ომის დანაშაული გამოიწვია“. მან თქვა, რომ ირანი მტკიცებულებებს გადასცემს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც, მისი თქმით, ისრაელი პასუხისგებაში უნდა მისცენ.

მოგვიანებით ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისრაელთან 12-დღიანი კონფლიქტის დროს სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 132 ქალი და 38 ბავშვია, ნათქვამია ირანული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის ცნობით, ირანის თავდასხმების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, ყველა მათგანი ერთის გარდა მშვიდობიანი მოქალაქე იყო, დაიჭრა 3000-ზე მეტი.