თბილისი (GBC) - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) მიერ ქალაქ პორტოში, ოთხშაბათს, პლენარულ სესიაზე მიღებული „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთისა და ცხინვალის) „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

ეუთო წევრ სახელმწიფოებსაც მიმართავს, მხარი დაუჭირონ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირებას, რაც როგორც ქვეყნის, ასევე, რეგიონის უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს.

მოვუწოდებთ სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების - „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა”, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთან, ეუთო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებს "ოცნებას", შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საზოგადოების სურვილს გამოხატავს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ყოფნა და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას და დაფუძნებულია დემოკრატიულ პრინციპებზე, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონის გაუქმებით”, - წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტში.