თბილისი (GBC) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური, პროაქტიური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ორშაბათს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ახალი უწყება პროაქტიურ რეჟიმში იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეაგირება მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე არ იქნება დამოკიდებული - სამმართველო თავად განახორციელებს მონიტორინგს, მოამზადებს სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, მასალებს სასამართლოს გადაუგზავნის. ინიციატივა ეხება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას, რომელიც სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებასა და ღირსების შელახვას შეიცავს.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ რამდენიმე თვის წინ წამოყენებული ინიციატივის გაგრძელებაა, რომელიც საჯარო დისკუსიის სივრცის გახსნას ისახავდა მიზნად. ვიცე-პრემიერის განცხადებით, წლების განმავლობაში გარე აქტორების მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა დებატების სივრცის ხელოვნურად ჩაკეტვა პოლარიზაციისა და შუღლის წასახალისებლად, რამაც საჯარო რიტორიკის აგრესიული სტანდარტი დაამკვიდრა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმის მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც ინსტიტუტები საზოგადოებრივ სივრცეს დესტრუქციული კამპანიებისგან იცავენ. მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ეფექტური აღსრულებისთვის შსს-ს ინსტიტუციური გაძლიერება ფუნდამენტური ნაბიჯია.