თბილისი (GBC) - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე წარდგენილი საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ავრცელებს.
სტრასბურგში გაგზავნილი ერთობლივი სარჩელის ავტორები არიან: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნები“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და „საფარი“. ორგანიზაციებმა ევროპულ სასამართლოს სამართლებრივი რეაგირებისთვის 2025 წლის 15 ოქტომბერს მიმართეს.
„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი (Impact Case) მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო წინასწარ აფასებს საქმის მასშტაბს და მიიჩნევს, რომ მას შეუძლია განსაკუთრებული გავლენა იქონიოს თავად სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე.
„საქმის არსებითი განხილვის ამ რეჟიმში დაწყება მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზებასა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების დევნას, დაექვემდებარება საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას და ვერ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ ოორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.