თბილისი (GBC) - საქსტატის დაზუსტებული მონაცემების თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6%-ით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3%-ით აღემატება.

საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლიდან. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და შესაბამისი ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებლები 2013-2023 წლებში:

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.7% შეადგინა.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს რეინვესტირებული თანხების წილს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2017-2023 წლებში.

საქსტატის მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2023 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 49% შეადგინა. ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 20.3%-ით (386.3 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა გაერთიანებული სამეფო 19.2%-ით (364.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - აშშ 9.6%-ით (182.2 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, 2023 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 63.1% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 583.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 30.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 314.3 მლნ. აშშ დოლარით (16.5%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 301.5 მლნ. აშშ დოლარით (15.9%).