თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საკუთარი რეიტინგის შესახებ მედიაში გავრცელებული გამოკითხვების შედეგებს "ყალბად" მიიჩნევს. ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელ TRUTH-ზე დაწერა.
„მედიის გამოკითხვები, ისევე როგორც თავად ეს ყალბი ახალი ამბები, ყალბია! ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ, უკეთესად, ვიდრე ოდესმე“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ გამოკითხვაზე საუბრობდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია CNN-მა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ ტრამპის მხარდაჭერა მისი მეორე ვადის 100 დღის მოახლოებასთან ერთად უფრო დაბალია, ვიდრე მისი ყველა წინამორბედის ბოლო 70 წლის განმავლობაში.
მანამდე გამოქვეყნდა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. Reuters-ის ინფორმაციით, გამოკითხვა, რომელიც ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 21 აპრილს დასრულდა, აჩვენა, რომ რესპონდენტთა დაახლოებით 42%-მა მოიწონა ტრამპის საქმიანობა პრეზიდენტის რანგში.
ინფორმაციისთვის, გუშინ გამოცემა Axios-მ დაწერა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა შრი თანედარმა (მიჩიგანი, „დემოკრატიული პარტია“) აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონსტიტუციის დარღვევაში, ძალაუფლების უზურპაციასა და კორუფციაში დაადანაშაულა და მისი იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა.