თბილისი (GBC) – ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ხუთშაბათს გააცნობს. ამის შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე განაცხადა.

„სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი. უკვე შევიმუშავეთ ამ მიმართულებით ცვლილებები. ხვალ მინდა დეტალურად წარვუდგინო ჩვენი ხედვა საზოგადოებას. მინდა, ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვო, ყურადღებით გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას“, - თქვა მერმა.

კალაძის თქმით, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ამოქმედებამდე აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს.

„ხვალიდან თვე–ნახევრის განმავლობაში, ვაწარმოებთ საკმაოდ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. გარდა ამისა, გადამზადებული არიან მერიის 11-ვე სერვისცენტრის თანამშრომლები, ცხელი ხაზის ოპერატორები და მზად არიან, დაეხმარონ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.