თბილისი (GBC) - ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია.  საბჭოს 3  ახალი წევრი - გიორგი არველაძე, მატანგი გოვრიშანკარი და რობერტ სკოტ კოსმანი შემოუერთდა. 

გიორგი არველაძეს  საბანკო სფეროში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი  წამყვან ბანკებში მუშაობდა და მათ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ამას გარდა, გიორგი არველაძის კარიერა უძრავი ქონების, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სექტორებში საქმიანობებსაც აერთიანებს. იგი მუშაობდა ლონდონში, BNP Paribas-ის სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში. საგულისხმოა, რომ გიორგი არველაძე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭომ უფროს დამოუკიდებელ წევრად (Senior Independent Director) აირჩია.

მატანგი გოვრიშანკარი 40 წელია, ბიზნესისა და ადამიანური რესურსების მიმართულებებით, ინდოეთსა თუ მის ფარგლებს გარეთ, მმართველ პოზიციებზე საქმიანობს, აქვს სხვადასხვა დარგში მოქმედ წამყვან კორპორაციებთან, მათ შორის Standard Chartered Bank-თან, Reebok-თან, GE-სა და Cummins Inc-თან თანამშრომლობის, აღმასრულებელი რგოლის ქოუჩინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და ეფექტიანის გუნდების ფორმირების  მრავალწლიანი გამოცდილება. ბოლო დროს ის დასაქმებული იყო BP plc-ში, სადაც გლობალური შესაძლებლობების განვითარების ხელმძღვანელისა და გლობალური ლიდერობის აკადემიის დირექტორის პოზიცია ეკავა.

რობერტ კოსმანი  33 წელია, საცალო, მცირე და საშუალო საბანკო მომსახურების სფეროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. 2004-2020 წლებში იგი  Raiffeisen Bank International-ში, უკრაინის ოფისში საცალო/SME ბანკინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ხელმძღვანელობდა SME რისკებს ავსტრიაში, ეკავა CIO-სა და COO-ს თანამდებობები. Raiffeisen-ამდე რობერტ კოსმანი განვითარების უფროსი ბანკირის რანგში EBRD-თან, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და USAID-თან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციის კუთხით თანამშრომლობდა. ამჟამად, ის აქტიურად საქმიანობს როგორც „Fintech Angel“ ინვესტორი, ასევე, მრჩეველი/მენტორი მრავალი სტარტაპისთვის უკრაინაში.

 

ამ ეტაპზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს 7 წევრი ჰყავს. თითოეულს ბიზნესის განვითარების, კორპორაციული მართვის, საბანკო საქმისა და მიკროფინანსების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან საბჭოს არჩილ ბაკურაძე ხელმძღვანელობს.

 

„სამეთვალყურეო საბჭოს ახალ შემადგენლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კრისტალის ბანკად წარმატებული ტრანსფორმაციისა და კომპანიის შემდგომი განვითარებისათვის. საბჭოში დამოუკიდებელი წევრების უმრავლესობაში ყოფნა და კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დაწესება ჩვენი გააზრებული არჩევანია. ის ემსახურება მდგრადი, ინოვაციური და ფინანსურ ჩართულობაზე ორიენტირებული მოწინავე ბანკის შექმნის მიზანს. “, - აღნიშნავს კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.