თბილისი (GBC) – გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოში ვიზიტით გამგზავრების წინ მან მიანიშნა, რომ ბერლინი მყარად დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფვის და მოსკოვთან დაახლოების წინააღმდეგია, წერს ხუთშაბათს, 23 მარტს გერმანული გამოცემის DW კორესპონდენტი.

მოლაპარაკებები თბილისში და საქართველოსთვის სავალდებულო ნაბიჯები

ბერბოკმა აღნიშნა, რომ ქართველებს მკაფიო მიზანი აქვთ – ევროკავშირში გაწევრიანება. „ბოლო კვირებში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დაცვის დემონსტრირებას ახდენდნენ“, – თქვა მან. გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ცდილობენ საქართველოს ევროპული კურსის შეცვლას, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. მისივე თქმით, საქართველოზე ზეწოლას ახდენენ როგორც შიგნიდან, ისე ქვეყნის გარედან.

„თბილისში მთავრობასთან ვისაუბრებ იმაზე, თუ რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგან მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დემოკრატიის სტანდარტების დაცვის გარდა საუბარია თავისუფლებაზე, მედიის თავისუფლებაზე და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა ბერბოკმა. მისივე თქმით, ეს ფასეულობები აერთიანებს ევროკავშირს და „არავითარი შეღავათები და ფასდაკლებები აქ არ იქნება“.