თბილისი (GBC) - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის 23 მარტიდან, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება.

პირველი ეტაპის სამუშაოები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში  ტარდება და მიზნად ისახავს რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენას.

საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქსტატის მიერ გადამზადებული პერსონალი განახორციელებს.

მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც გამოიყენება პლანშეტური კომპიუტერები.

პირველი ეტაპის სამუშაოების დროს შეგროვდება ინფორმაცია ქვეყნის შინამეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, თითოეული საცხოვრისის მიხედვით, რაც აუცილებელია მოსახლეობის აღწერის ჩასატარებლად.

2023 წლის აპრილიდან შინამეურნეობების წინასწარის სიების შედგენა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე მთელ ქვეყანას მოიცავს. აღნიშნულ  სამუშაოებში საქსტატის მიერ გადამზადებული 3500-მდე ინტერვიუერი იქნება ჩართული.

 

მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ,  თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების  მიხედვით.

აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად.

აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით,  2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.

მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.