თბილისი (GBC) - The Telegraph წერს, რომ აშშ-მა ირანი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, ხუთშაბათს, ქუვეითში მდებარე ამერიკულ საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ეს „გაუმართლებელი“ ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმა ქუვეითის ძალებმა „წარმატებით მოიგერიეს“.

„ირანის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ეს უხეში დარღვევა განხორციელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირანულმა ძალებმა ხუთი ე.წ. კამიკაძე (ერთჯერადი) დრონი გაუშვეს, რომლებიც აშკარა საფრთხეს ქმნიდნენ ჰორმუზის სრუტეში და მის მახლობლად“, - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.

„ყველა დრონი წარმატებით იქნა ჩაჭრილი აშშ-ის ძალების მიერ, რომლებმაც ასევე აღკვეთეს მეექვსე დრონის გაშვება ირანის სახმელეთო მართვის პუნქტიდან, ბენდერ-აბასში“.

როგორც ირანის სახელმწიფო მაუწყებელი IRIB იუწყება, ახალი შეტაკებები, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაიწყო, როდესაც ირანულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ოთხ გემს, რომლებიც სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ. ამის საპასუხოდ, აშშ-ის ძალებმა სამიზნეში აიღეს სახმელეთო მართვის სადგური სამხრეთ ქალაქ ბენდერ-აბასის მახლობლად, რამაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) აიძულა, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე საპასუხო დარტყმა მიეყენებინა.

ეს შეტაკებები, რომლებიც ყველაზე მწვავეა აპრილში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ეჭვქვეშ აყენებს მოლაპარაკებებს, რომლებიც 28 თებერვალს დაწყებული ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ იყო კმაყოფილი ომის დასრულებასთან დაკავშირებით ირანის წინადადებებით და მიანიშნა, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. აშშ-ის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა: „ჩვენ უბრალოდ მოგვიწევს საქმის ბოლომდე მიყვანა“, თუ მისაღები შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახდება.