თბილისი (GBC) – აშშ-ის სამხედრო კამპანიის ღირებულებამ ირანის წინააღმდეგ $37.5 მილიარდს მიაღწია. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა და კონფლიქტის ესკალაციის ფონზე დამატებითი დაფინანსება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ჰეგსეთის თქმით, აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც უკვე გაწეულ, ისე 30 სექტემბრამდე მოსალოდნელ ხარჯებს. Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ თვეში კონგრესს დამატებით თითქმის $90 მილიარდი დაფინანსება სთხოვა, რომლის დიდი ნაწილიც ირანთან კონფლიქტს უკავშირდება.
კონფლიქტი მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს აშშ-ის თავდაცვის თითქმის $1-ტრილიონიან ბიუჯეტზე. ჰეგსეთმა კონგრესს ასევე მოუწოდა, დაამტკიცოს 2027 წლისთვის $1.5-ტრილიონიანი თავდაცვის ბიუჯეტი.
აშშ-ისა და ირანის დაპირისპირების ფონზე, როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები ადმინისტრაციას არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, კონგრესი კონფლიქტის მიმდინარეობისა და თეთრი სახლის სამომავლო გეგმების შესახებ სრულ ინფორმაციას ვერ იღებს.
აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთდარტყმები 8 ივლისს განახლდა. ესკალაციის ახალი ეტაპი მხარეებს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერიდან სამი კვირის შემდეგ დაიწყო.
