თბილისი (GBC) - აშშ ირანთან მრავალდღიანი ან თუნდაც მრავალკვირიანი სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება, რომლის მთავარი მიზანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის აღდგენაა. ამის შესახებ გამოცემა Axios აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
სამხედრო კამპანიის ხანგრძლივობა და მასშტაბები მთლიანად თეირანის მომდევნო ნაბიჯებზეა დამოკიდებული, რადგან დაპირისპირება, რომელიც თავდაპირველად ირანის ბირთვული და სარაკეტო პოტენციალის განადგურებას ისახავდა მიზნად, ახლა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული დერეფნისთვის ბრძოლაში გადაიზარდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული 60-დღიანი ზავი „დასრულებულია“. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ირანის მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებს, რასაც მხარეებს შორის ცეცხლის გაცვლა მოჰყვა.
აშშ-მა საპასუხოდ დარტყმების მეორე ტალღა წამოიწყო ჰორმუზის სრუტის ზონაში და ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, ირანის ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანა იერიში. ირანმა კი საპასუხო დარტყმები ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე განახორციელა.
მოგვიანებით ტრამპმა მიანიშნა, რომ თეირანმა დიალოგის სურვილი გამოთქვა: „ირანის ოფიციალურმა პირებმა ცოტა ხნის წინ დარეკეს და გარიგების დადება სურთ, თუმცა არ ვიცი, არიან თუ არა ისინი ამის ღირსნი ან შეასრულებენ თუ არა პირობას. სიმართლე გითხრათ, ისინი ცოტა გიჟები არიან“.
თეირანი ამერიკულ მხარეს „ბულინგსა და პირობების დარღვევაში“ ადანაშაულებს. ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ სრუტე მხოლოდ ირანის პირობებით გაიხსნება და არა ამერიკული მუქარით.
ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ირანს გემების უსაფრთხო გატარება ევალებოდა, თუმცა თეირანმა ვაშინგტონი წესების დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან აშშ-მა გემები მათი ნებართვის გარეშე, ომანის სანაპიროსთან ახლოს, სამხრეთ დერეფნით გაატარა.
ამასთანავე, როგორც Axios წერს, კულისებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ ესკალაცია ირანის ხელმძღვანელობაში არსებულმა შიდა განხეთქილებამაც გამოიწვია. რადიკალური ფრთა მიიჩნევს, რომ ზავმა ქვეყანას ეკონომიკური სარგებელი არ მოუტანა:
- აშშ-ის სანქციების გამონაკლისების მიუხედავად, ბანკები ტრანზაქციებს არ ატარებდნენ, რის გამოც ირანმა ნავთობის გაყიდვა ვერ შეძლო.
- ირანის გაყინული აქტივები არ განბლოკილა, რადგან თეირანს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.
თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ სამხედრო ესკალაციისთვის მეტი სივრცე აქვთ, რადგან ბოლო კვირებში ასობით ტანკერმა ყურის დატოვება უსაფრთხოდ მოახერხა. შესაბამისად, ვაშინგტონში ნაკლებად შიშობენ, რომ ახალი შეტაკებები ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრ ნახტომს გამოიწვევს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მკაფიოდ დააფიქსირა ამერიკული მხარის პოზიცია და აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ნებისმიერ ფასად ღია დარჩება: „თუ ისინი სრუტის ჩაკეტვას შეეცდებიან, ამერიკელი სამხედროებისგან მკაცრ პასუხს მიიღებენ. მათ შეუძლიათ ან დაემორჩილონ წესებს, ან მიიღონ ზუსტად ის, რაც გასულ ღამეს დაემართათ. ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სროლას არ შეწყვეტენ“.
