თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებისგან გადამწყვეტ და შინაარსიან რეაგირებას ელოდება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული ბოლო მასირებული დარტყმების საპასუხოდ. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა X-ზე დაწერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებით, განსაკუთრებით კი ანტიბალისტიკური საშუალებებით დახმარებას ითხოვს.

ზელენსკის თქმით, 15 ივნისის ღამეს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის მიმართულებით 70 რაკეტა და 611 დრონი გაუშვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დედაქალაქში 28 ადამიანი დაშავდა, ხოლო ოთხი დაიღუპა.

რუსეთის ფედერაციის მასირებული თავდასხმის კონტექსტში მან ახსენა კიევ-პეჩერის ლავრის მიცვალების (უსპენსკის) საკათედრო ტაძრის დაზიანება, ასევე ხარკოვზე განხორციელებული დარტყმა, რომლის შედეგადაც ხუთი მაშველი დაიღუპა, და თავდასხმა დნიპროზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პასუხი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისგან, რომლებიც ახლა იკრიბებიან სამიტზე, და ეს პასუხი იყოს გადამწყვეტი და შინაარსიანი: მეტი ზეწოლა აგრესორზე, მეტი დახმარება უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებით, პირველ რიგში კი - ანტიბალისტიკური საშუალებებით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში“, - აღნიშნა მან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა იწყებს ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოს (UNESCO) ფარგლებში და აამოქმედებს ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმს, მოითხოვს რა „სწრაფ და ადეკვატურ პასუხს“ ლავრაზე განხორციელებულ რუსულ დარტყმაზე.

კიევზე მასირებული თავდასხმის შედეგად, კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში (КМВА) განაცხადეს, რომ მოხდა პირდაპირი მოხვედრა ლავრაზე, რამაც მნიშვნელოვანი დაზიანებები გამოიწვია.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და კიევ-პეჩერის ლავრაზე განხორციელებულ რუსულ დარტყმას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი დანაშაული“ უწოდა.