თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 23.9%-ით შემცირდა. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 0.5 ტვტ.სთ შეადგინა (ჯამური მოთხოვნის 5.9%). იმპორტირებულ ელექტროენერგიაში უმეტესობა, 91.4% რუსეთიდან მოდიოდა, დანარჩენი 8.6% კი - აზერბაიჯანიდან. აღსანიშნავია, რომ საშუალო საიმპორტო ფასმა 0.7 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (0.1 აშშ ცენტი) ბევრად მეტია. ზრდა გასული წლის დაბალი ბაზის შედეგია, როცა იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან აფხაზეთის რეგიონის მოხმარების მიზნით ხორციელდებოდა, აფხაზეთი კი ელექტროენერგიას რუსეთიდან სპეციალურ ფასად იღებს. რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია წელსაც სრულად აფხაზეთის მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.

სავაჭრო ბალანსი 

გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში კვლავ ნარჩუნდება დადებითი სავაჭრო ბალანსი. ექსპორტის მოცულობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებამ, ხოლო იმპორტის საჭიროების კლებამ, მიმდინარე წელს დადებითი სავაჭრო ბალანსი გაზარდა, რამაც 0.3 ტვტ.სთ შეადგინა. თუმცა ღირებულებაში სავაჭრო ბალანსი გაუარესდა, რადგან  იმპორტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო საექსპორტი ფასი შემცირდა.

ელექტროენერგიის ფასები

გალტ & თაგარტის ინფორმაციით, საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობამ 1.9 ტვტ.სთ შეადგინა (+46.1% წ/წ), რაც ჯამური მიწოდების 24.7%-ია. ელექტროენერგიის დანარჩენი მოცულობის ვაჭრობა ორმხრივი კონტრაქტებით განხორციელდა. საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა ძირითადად საბალანსო ენერგიის ზრდის შედეგია, რომლის წილმაც 2024 წლის პირველ ნახევარში 20.6%-ს მიაღწია. ეს ზრდა კი ესკოს მიერ პირველ კვარტალში მტკვარი ენერჯისა და თბილსრესის გამომუშავებული ენერგიის გაზრდილი შესყიდვების შედეგია. მეორეს მხრივ, საბალანსი ელექტროენერგიაში კვლავ მცირეა იმპორტის წილი - 2024 წლის პირველ ნახევარში მისი მოცულობა მხოლოდ 39.3 გვტ.სთ იყო, რაც ესკომ სრულად აზერბაიჯანისგან შეისყიდა.

საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 11.3%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.5 აშშ ცენტი შეადგინა. თვიურ ჭრილში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი მერყეობდა კვტ.სთ ზე 4.6-5.9 აშშ ცენტის ფარგლებში. საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესობა (77.4%) იყო ესკოს მიერ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით (PPA) შესყიდული ენერგია, საიდანაც 69.1 პროცენტული პუნქტი იყო ჰიდროელექტროდსადგურები, 28.3 პროცენტული პუნქტი გარდაბნის N2 თბოსადგური, ხოლო დანარჩენი 2.6 პპ ქარის ელექტროსადგური. იმპორტი საბალანსო ელექტროენერგიის მხოლოდ 2.0%-ს შეადგენდა 2024 წლის პირველ ნახევარში.