თბილისი (GBC) - „თეგეტა“ სომხეთის სასკოლო ტრანსპორტის განვითარებაში ერთვება.  ჰოლდინგის ჯგუფში შემავალმა კომპანიამ Premium Machinery Armenia-მ (PMA) სომხეთის რესპუბლიკას, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ხუთი ახალი სასკოლო ავტობუსი უკვე მიაწოდა. საპილოტე პროგრამა ახალაშენებულ სასკოლო დაწესებულებებში მოსწავლეების უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას ისახავს მიზნად.

ახალი სასკოლო ავტობუსების ოფიციალური პრეზენტაცია ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ავტობუსების მონაცემებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს გაეცნო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. პროგრამა სომხეთში ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივის ნაწილია, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგი“  სახელმწიფო და მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტებში დაგროვილი გამოცდილებით მონაწილეობს.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „სატრანსპორტო პროექტებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის არის უსაფრთხოება, საიმედოობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. განსაკუთრებით მაღალია ეს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების ტრანსპორტირებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტების ფარგლებში მომხმარებელს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება კი არ შევთავაზოთ, არამედ უზრუნველვყოთ ის გამოცდილება და სერვისი, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხო და ეფექტიან ექსპლუატაციას სჭირდება. სომხეთში სასკოლო ტრანსპორტის მიმართულების განვითარება ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ჩვენი გამოცდილებით ვმონაწილეობთ“.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, Premium Machinery Armenia-ს მიერ მიწოდებული ავტობუსები ხუთი დასახლების მოსწავლეებს მოემსახურება  - ჯამში, 103 ბავშვის უსაფრთხო და რეგულარულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. Premium Machinery Armenia-მ საპილოტე პროგრამისთვის ავტობუსები თანამედროვე, უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია.

გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მხოლოდ ავტობუსების მიწოდებას არ გულისხმობს და უფრო ფართო მიზანს, ბავშვების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ემსახურება. საპილოტე ეტაპზე ხუთი ავტობუსი ხუთ სხვადასხვა დასახლებაში ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოხარული ვარ, რომ Premium Machinery Armenia-ს გუნდს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში საკუთარი გამოცდილების შეტანის შესაძლებლობა აქვს. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის ცოდნა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდეს“.

პირველი ხუთი ავტობუსის მიწოდება საპილოტე ეტაპია. პროექტის შედეგების გათვალისწინებით, სამომავლოდ სომხეთის მიერ დაახლოებით 100 სასკოლო ავტობუსის შეძენის შესაძლებლობაც განიხილება. ამ მიმართულებით Premium Machinery Armenia აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის განათლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებების წარმომადგენლებთან.

Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან ოპერირებს და მისი გამოცდილება, კერძო სექტორთან თანამშრომლობასთან ერთად, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში ჩართულობას მოიცავს. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ერევნის მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტშიც – 2022 წელს „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქს გერმანული ბრენდის, MAN-ის 87 ერთეული ავტობუსი მიაწოდა. Premium Machinery Armenia ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.

სასკოლო ტრანსპორტის პროექტში მონაწილეობა Premium Machinery Armenia-სთვის სომხეთის ბაზარზე სატრანსპორტო მიმართულების განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, საპასუხისმგებლო ეტაპია. კომპანიის განცხადებით, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში დაგროვილი გამოცდილება მას შესაძლებლობას აძლევს, სომხეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა განაგრძოს და სხვადასხვა სექტორს მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები შესთავაზოს.

(R)