თბილისი (GBC) - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, საკურიერო მომსახურების სექტორში, შპს „ვოლტ ჯორჯიასთან" პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოსთან გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალება თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს. კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

- გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;

- შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და  განათავსოს როგორც სავაჭრო პლატფორმაზე, ასევე ვებგვერდზე.

სააგენტოს მიზანია - საკურიერო სექტორში, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით  მომხმარებელი სარგებლობს ყურადღება გამახვილდეს ინფორმაციის გამჭვირვალობასა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხზე. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.