თბილისი (GBC) – აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო" შაბათ–კვირას, 26–27 ნოემბერს, მეხუთედ გაიმართება თბილისში,  დედაენის ბაღში. ღონისძიება მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მომხმარებელთან დაკავშირების მიზნით, მცირე და საშუალო ნიშური სასურსათო პროდუქტების მწარმოებლების ხელშეწყობას. 

აღნიშნული ფერმერთა ბაზრობები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება, ევროკავშირის მხარდაჭერით. აგრობაზრის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვლენ და ღონისძიებაზე ადგილობრივი, ნიშურ პროდუქტებს წარადგენენ. ორდღიან ღონისძიებაში, დაახლოებით 50 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას და გაყიდის ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის: ყველი, ხორც-პროდუქტები, თაფლი, ღვინო, ჩაი და სხვ. აგრობაზრის ყველა მონაწილეს სურსათის უვნებლობისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით შესაბამისი ტრენინგის კურსი  გავლილი აქვს FAO-ს ხელშეწყობით.  მონაწილეთა გარკვეულ ნაწილს, საჭირო დანადგარების შეძენისა და სოფლის სამეურნეო სივრცეების განვითარების კუთხით, FAO-მ, ევროკავშირის მხარდაჭერით,  სათანადო ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინა.

აგრობაზარი ხორციელდება  FAO-ს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით,  EU4Business ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" ფარგლებში. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.