თბილისი (GBC) – ამერიკული IT კომპანია Combined Ratio Solutions, რომელიც საქართველოში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“–ს მხარდაჭერით გაფართოვდა და სადაზღვევო კომპანიებს აწვდის აიტი მომსახურებას, 2022 წლის ბოლომდე 80 სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ჯონსი აცხადებს.

„ძალიან გაგვიმართლა, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" გუნდთან თანამშრომლობა შევძელით, მაშინ როცა საქართველოში ჩვენი ბიზნესის გაფართოებას ვგეგმავდით. სააგენტოს გუნდის ხელშეწყობა ძალიან  ეფექტიანი იყო პირველივე კომუნიკაციიდან,  კომპანიის სრულად გამართვამდე. მათი რჩევებისა და მიდგომის შედეგია ის, რომ ჩვენი კომპანია საქართველოში გაფართოვდა და ღრმად დარწმუნებული ვართ მის წარმატებულ ოპერირებაში", - აცხადებს Combined Ratio-ს აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ჯონსი.

სააგენტოს ცნობით, „აწარმოე საქართველოში"–ს ინვესტიციების მიმართულების ხელშეწყობით, ამერიკული კომპანიის მმართველი გუნდი მიმდინარე წელს იმყოფებოდა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, შეისწავლეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ბიზნესგარემო და შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან. სწორედ აღნიშნული ვიზიტის შემდეგ და სააგენტოს წარმომადგენლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, მიიღო კომპანიამ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში გაფართოების შესახებ.

Combined Ratio Solutions საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს, კერძოდ კი, დაზღვევის სექტორში მომუშავე კომპანიებს აიტი მომსახურებას აწვდის. Combined Ratio Solutions-ში დასაქმებულთა რიცხვი 200 ადამიანს აჭარბებს.