თბილისი (GBC) - გამომცემლობა POLITICO წერს, რომ შეთანხმების ფარგლებში, შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანის მიმართ კეთილი ნების რამდენიმე ჟესტი ექნება. კერძოდ, აშშ ბაქოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეზღუდვებს მოხსნის, როდესაც ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც 1992 წლის თავისუფლების მხარდაჭერის აქტის ნაწილს გააუქმებს (კანონი კრძალავს აზერბაიჯანის მთავრობის პირდაპირ დახმარებას სომხეთთან დავის გამო).

POLITICO-ს თანახმად, შეთანხმება, სავარაუდოდ, ბევრ სომეხ-ამერიკელს იმედს გაუცრუებს, რადგან, როგორც ჩანს, მას არ აქვს კონკრეტული დებულებები ისტორიული საცხოვრებელი ტერიტორიებიდან გადაადგილებული ადამიანების, ასევე კონფლიქტის დროს აყვანილი სამხედრო ტყვეების საკითხების შესახებ.

POLITICO იმასაც წერს, რომ სომხეთი დათანხმდა, რომ აშშ-ს 99 წლით მიანიჭოს ზანგეზურის დერეფნის ექსკლუზიური სპეციალური განვითარების უფლებები.

სტატიის თანახმად, აშშ მიწას ქვეიჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც 27 მილის სიგრძის დერეფნის გასწვრივ განავითარებს რკინიგზის, ნავთობის, გაზის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების და, შესაძლოა ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებსაც.

8 აგვისტოს, ვაშინგტონში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან. შეხვედრას აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. 

თეთრ სახლში შეხვედრის დროს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები რუსეთის გვერდის ავლით ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე შეთანხმდებიან.

შეხვედრის მიზანი - რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. 

შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. ეს მოიცავს ჩარჩო შეთანხმებაზე ხელმოწერას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.