13 დეკემბერს გამოქვეყნდა და ამოქმედდა ცვლილება დღგ-ს დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესში.

ცვლილება შეეხო ავტომატური წესით დასაბრუნებელი დღგ-ის გაანგარიშების წესს. კერძოდ, კი გაანგარიშებაში ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა დაექვემდებარება გაანგარიშებაში განულებას, არაუგვიანეს მომდევნო წლის პირველი სამუშაო დღისა.

საკონსულტაციო კომპანია Kreston georgia-ს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება თავისი შინაარსით გულისხმობს, რომ თუ პირს წლის დასრულებამდე ანუ 31 დეკემბრამდე ავტომატურად არ დაუბრუნდა დღგ-ის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა, აღნიშნული თანხა წლის ბოლოსთვის, ავტომატურად დასაბრუნებელი თანხის გაანგარიშების მიზნებისთვის, განულდა და მომდევნო წლიდან მისი ავტომატური წესით დაბრუნება აღარ მოხდება.

„ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში პირს აღნიშნული ზედმეტობის დაბრუნებისთვის რჩება მხოლოდ ერთი გზა, რომ „ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ“ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, რაც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სირთულეებს იწვევს პირისათვის“, - განმარტავენ აუდიტორულ კომპანიაში.