თბილისი (GBC) - Reuters-ის ცნობით, რუსეთის უმსხვილესმა ნავთობმწარმოებელმა „როსნეფტმა“ განაცხადა, რომ 2025 წელს მისი წმინდა მოგება 73%-ით შემცირდა და $3.6 მლრდ შეადგინა. კომპანია ამის მიზეზად მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, მოგების მაღალ გადასახადს და სანქციებს ასახელებს.

„როსნეფტის“ გენერალურმა დირექტორმა იგორ სეჩინმა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირემ, ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს რუსეთის ნავთობის ინდუსტრია ნეგატიური გეოპოლიტიკური ფაქტორებისა და მკაცრი შიდა მაკროეკონომიკური პირობების „იდეალურ შტორმში“ აღმოჩნდა.

სეჩინის თქმით, წელს ნავთობზე არსებული მაღალი ფასები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტმა კიდევ უფრო გაზარდა, დიდწილად კომპენსირდება ფრახტის (გადაზიდვის) ტარიფების, დაზღვევისა და სხვა ხარჯების ზრდით.

LSEG-ის მონაცემებით, რომლებიც 1988 წლის ივნისიდან იწარმოება, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსებმა მარტის უახლოესი მიწოდების ვადით რეკორდულ ყოველთვიურ 64%-იან ზრდას მიაღწია.

ამერიკული ეტალონური სორტი, West Texas Intermediate, ერთ თვეში დაახლოებით 52%-ით გაძვირდა, რაც ყველაზე დიდი ნახტომია 2020 წლის მაისის შემდეგ.

„როსნეფტის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მარტში ბალტიისპირეთის პორტებიდან ინდოეთში რუსული ნავთობის გადაზიდვის ტარიფებმა ბარელზე 20 დოლარს გადააჭარბა, რაც 10-ჯერ აღემატება 2022 წლის დასაწყისში რუსეთიდან ევროპაში ნავთობის მიწოდების ხარჯებს.

2025 წლის 23 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების - „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“, ასევე მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ.